English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილიმარინე ნაცვალაძერუსუდან სირბილაძერატი მექვაბიშვილიგიორგი მჟავანაძესალომე დეისაძესალომე კობახიძე
ექსპერიმენტული ეკონომიკის ევრისტიკული პოტენციალი: თანამშრომლობა და პარტნიორის დასჯა საზოგადოებრივი დოვლათის თამაშში (საქართველოს მონაცემების საფუძველზე)

ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირების და საზოგადოებრივი დოვლათის შექმნისას ხშირად პირადი და საზოგადოებრივი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: ინდივიდებს უჩნდებათ „უბილეთო მგზავრობის“ სტიმული და თავს იკავებენ საზოგადოებრივი დოვლათის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანისგან. ექსპერიმენტული ეკონომიკის ლიტერატურაში დასჯის მექანიზმის შემოღება ადამიანთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის ეფექტიან ინსტრუმენტად განიხილება.

საქართველოში ჩვენს მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი დოვლათის თამაშში დეცენტრალიზებული ანუ პარტნიორის დასჯის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო თანამშრომლობის მაღალი დონე და პროსოციალური ქცევის შენარჩუნება. ექსპერიმენტში ადგილი ქონდა საკმაოდ ხშირ და მკაცრ ანტისოციალურ დასჯას. კერძოდ ჯგუფის, ნაკლებად მოთანამშრომლე ჯგუფის წევრი სჯიდა მისივე ჯგუფის წევრს, რომელიც მასზე მეტად თანამშრომლობდა. შედეგად, ეკონომიკურ ურთიერთქმედება ხასიათდებოდა თანამშრომლობის ჩავარდნით. ჩვენ შევადარეთ საქართველოში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგები ბ. ჰერმანის, კ. ტჰონის და ს. გახტერის (2008) სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევის შედეგებს და დავინახეთ, რომ დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმის ქმედითუნარიანობა განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით: დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დასჯა დიდწილად მიმართული იყო ოპორტუნისტი ინდივიდების მიმართ და შედეგად, თანამშრომლობის მაღალი დონე ნარჩუნდებოდა, ხოლო პოსტსაბჭოთა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიურ ექსპერიმენტებში ადგილი ჰქონდა ანტისოციალურ დასჯას, რის შედეგადაც, ვერ მიიღწეოდა თანამშრომლობის მაღალი დონე. შედარება ხაზს უსვამს სოციალური და კულტურული ფაქტორების დიდ მნიშვნელობას ეკონომიკურ ურთიერთობებში.
საკვანძო სიტყვები: პარტნიორის (თანაჯგუფელის) დასჯა, დეცენტრალიზებული დასჯა, საზოგადოებრივი დოვლათის თამაში, თანამშრომლობა, პროსოციალური ქცევა.


შესავალი

ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებისა და საზოგადოებრივი დოვლათის შექმნისას ხშირად ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: ინდივიდებს უჩნდებათ „უბილეთო მგზავრობის“ სტიმული და თავს იკავებენ წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი დოვლათის უზრუნველყოფაში. ბევრი კვლევა მიეძღვნა ადამიანის ქცევის დინამიკის შესწავლასა და ახსნას საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ექსპერიმენტული დიზაინის საფუძველზე, რომლებიც დადასტურდა, (Nikiforakis 2008, Fehr და Gächter 2000, Yamagishi 1988), რომ ინდივიდთა თანამშრომლობა ვერ ნარჩუნდება ოპორტუნისტული ტიპის ქცევის არსებობის გამო. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი დოვლათის ექსპერიმენტულ თამაშში შემოიღეს დასჯის მექანიზმი, რომელიც ინდივიდთა შორის ურთიერთქმედებისას თანამშრომლობის რწმენის გენერირების მნიშვნელოვანი მექანიზმი აღმოჩნდა. დასჯა თანამშრომლობის ერთგვარ „სტიმულს“ აჩენს ოპორტუნისტი ინდივიდებისთვის.
ლიტერატურაში განხილულია დასჯის მექანიზმის ორი ტიპი: დეცენტრალიზებული, ანუ „პარტნიორის (თანაჯგუფელის) დასჯის მექანიზმი“, როცა დასჯას ანხორციელებენ ჯგუფის წევრები (Nikiforakis 2008, Sefton, Shupp და Walker 2007, Yamagishi 1988) და ცენტრალიზებული, როცა დასჯის მექანიზმი კონცენტრირებულია ერთი ზემდგომის ხელში და მას ანხორციელებს დამოუკიდებელი მესამე მხარე (Stagnaro, Arechar და Rand 2017, Traulsen, Röhl და Milinski 2012, Baldassarria და Grossman 2011, Mekvabishvili 2021, Engl, Riedl და Weber 2021).
დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმი დაფუძნებულია ჯგუფის წევრების ურთიერთდასჯაზე და ურთიერთკონტროლზე, რა დროსაც „ძალაუფლება“ ყველა ჯგუფის წევრში თანაბრადაა განაწილებული. დასჯის აღნიშნულ მექანიზმს „თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმი“ (Peer punishment mechanism) ეწოდა. საზოგადოებრივი დოვლათის თამაშში ამგვარი დასჯის მექანიზმის შემოღებით, მცირე რაოდენობის ალტრუისტული ტიპის ინდივიდებს მიეცათ დისციპლინის დამყარების, ოპორტუნისტების დასჯით თანამშრომლობის წონასწორობის წერტილის მიღწევისა და მისი სტაბილური შენარჩუნების უზრუნველყოფის ინსტრუმენტები.
საქართველოში საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ექსპერიმენტში ინდივიდთა ქცევის შესწავლა ახალი თემაა. ჩვენი კვლევა საქართველოს მაგალითზე შეისწავლის ინდივიდების ქცევებს და მათი ეკონომიკური ურთიერთკავშირის გავლენას საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევაზე საზოგადოებრივი დოვლათის თამაშში დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმის შემოტანით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წარმოდგენილია იმ მექანიზმებისუკეთესად გაგებისთვის, რომლებიც ახალისებენ პროსოციალურ ქცევას და ხელს უწყობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევას.

ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევები და ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სოციალური დილემის სიტუაციებში ადამიანებს უმეტესად არ სურდათ, რომ მოტყუებულები იყვნენ. შედეგად, ვინც თანამშრომლობს, შეიძლება თანახმა იყოს დაისაჯოს „უბილეთო მგზავრი“, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მათთვის ხარჯიანი იქნება.. ამის ჩვენების მიზნით, ე. ფერიმ და ს. გეხტერმა ჩაატარეს საზოგადოებრივი დოვლათის ექსპერიმენტი დასჯის მექანიზმის არსებობა- არარსებობის პირობებში (Fehr and Gächter 2000). ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დასჯის მექანიზმის არსებობა უცხო ინდივიდებისგან შემდგარ ჯგუფში საზოგადოებრივ დოვლათში ინდივიდების მიერ საშუალო კონტრიბუციის ზრდას იწვევს, მაშინ, როცა დასჯის მექანიზმის არარსებობის პირობებში, საშუალო კონტრიბუცია დროთა განმავლობაში უახლოვდება ნულს. ამის საპირისპიროდ, დასჯის მექანიზმის არსებობის პირობებში ეს შენატანი არც მცირდება და არც იზრდება. სპონტანური და არაკოორდინირებული სასჯელის ქმედებები იწვევს არამოთანამშრომლე თანაჯგუფელების უფრო მძიმე დასჯას. უცხო ინდივიდებისგან შემდგარ ჯგუფში „უბილეთო მგზავრების“ დასჯა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხარჯიანია და არც რაიმე სამომავლო სარგებელი მოაქვს დამსჯელებისათვის. რაც უფრო მეტად გადაუხვევდა ინდივიდი ჯგუფის წევრების შენატანებისგან, მით უფრო დიდი იყო სასჯელი. სამართლიანობისა და ნაცვალგების თეორიული მოდელები წინასწარმეტყველებენ „უბილეთო მგზავრების“ საყოველთაო დასჯას. თუმცა, სასჯელი აშკარად არ შეესაბამება წმინდა ალტრუიზმის ან არაწმინდა (warm-glow) ალტრუიზმის მოდელებს, - ან ალტრუისტი ადამიანი არასოდეს იყენებს ხარჯიან ვარიანტს სხვების სარგებლის შესამცირებლად. დასჯის აშკარა სურვილი პოტენციური „უბილეთო მგზავრებისთვის“ სარწმუნო საფრთხეს წარმოადგენს და იწვევს თანამშრომლობის დონის ზრდას: ძალიან მაღალი ან თუნდაც სრული თანამშრომლობის მიღწევა და შენარჩუნება შესაძლებელია დასჯის მექანიზმის არსებობის პირობებში, მაშინ როცა იგივე ინდივიდები სასჯელის არ- არსებობის პირობებში სრული განდგომისკენ იხრებიან.
ბევრი კვლევა ყურადღებას ამახვილებს ნაცვალგებაზე, როგორც ქცევის ნორმაზე. მკვლევარმა ნ. ნიკიფორაკისმა 2008 წლის კვლევაში საზოგადოებრივი დოვლათის თამაშში თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმი „საპასუხო დასჯის“ (counter punushnent) ელემენტით განავრცო (Nikiforakis 2008). მან შეისწავლა, თუ როგორ იცვლება თანამშრომლობის ხარისხი და ჯგუფის კეთილდღეობა, როდესაც მონაწილეებს ეძლევათ სასჯელისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველა სასჯელის მეოთხედი საპასუხო რეაქციაა. პირები, რომლებიც საპასუხო დასჯას ახდენენ, როგორც ჩანს, მოტივირებული არიან არა მხოლოდ იმით, რომ დააზარალონ ისინი, ვინც მათ ვნებს, არამედ სტრატეგიულად იყენებენ საპირისპირო დასჯას, რათა ხელი შეუშალონ მომავალ სასჯელებს. ადამიანები დასჯას საპასუხო დასჯით პასუხობენ. შედეგად, საპასუხო დასჯის შესაძლებლობის არსებობა ინდივიდებს ნაკლებად აიძულებს დასაჯოს „უბილეთო მგზავრები“. საპასუხო დასჯის ელემენტის დამატებამ, „თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმი“ უძლური გახადა თანამშრომლობის მაღალი დონის შენარჩუნებაში. იმის რეალური მუქარა, რომ დასჯას ასევე შესაძლოა მოჰყვეს საპასუხო დასჯა, „თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმს“ ფაქტიურად ძალადაკარგული აღმოჩნდა და შედეგად, კვლავ გასაქანი მისცა ოპორტუნისტულ ქცევას. საპასუხო დასჯის მიღების შიშით, ინდივიდები დასჯის მექანიზმის გამოყენებისგან თავს იკავებენ. ამრიგად, საპასუხო დასჯის ელემენტის დამატების შედეგად, „თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმი“ არაეფექტიანი აღმოჩნდა.
ბ. ჰერმანის, კ. ტჰონის და ს. გახტერის 2008 წლის კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფენომენზე, რომ ადამიანებმა შესაძლოა დასაჯონ არა მხოლოდ „უბილეთო მგზავრები“, არამედ ისინიც, ვინც თანამშრომლობენ, ანუ პროსოციალური მონაწილეები (Herrmann, Thöni and Gächter 2008). მაგალითად, მონაწილეებმა, რომლებიც ძალიან მცირე კონტრიბუციის გამო წარსულში დაისაჯნენ, შესაძლოა საპასუხო დასჯით უპასუხონ მოთანამშრომლეებს, რადგან ისინი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც დიდი ალბათობით დასჯიან „უბილეთო მგზავრებს. თანამშრომლობის და პროსოციალური ტიპის ინდივიდების დასჯას მკვლევარებმა „ანტისოციალური დასჯა“ (Antisocial Punishment) უწოდეს. ავტორებმა სტანდარტული საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ექსპერიმენტი 16 ქვეყანაში ჩაატარეს, სხვადასხვა კულტურული და ეკონომიკური მახასიათებლებით. შედეგებმა აჩვენა, რომ პროსოციალური ტიპის ინდივიდების ანტისოციალური დასჯა მართლაც ფართოდ არის გავრცელებული მრავალი მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში. ასევე, საინტერესოა, რომ ძირითად გამონაკლისს წარმოადგენდა მონაწილეთა ის ჯგუფი, რომელშიც ალტრუისტული დასჯის შესახებ კვლევები ჩატარდა. ანტისოციალური სასჯელის უარყოფითი კორელაციაშია კანონის უზენაესობის სიძლიერესთან და თანამშრომლობის დონესთან, მიუთითებს ფორმალური სამართალდამცავი ინსტიტუტების ხარისხისა და არაფორმალური სანქციების შემავსებელ (და არა ჩამნაცვლებელ ხასიათზე). არაფორმალური სანქციები უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი თანამშრომლობის შესანარჩუნებლად, როდესაც ფორმალური სამართალდამცავი ინსტიტუტები უფრო ეფექტიანად მუშაობენ, რადგან ამ საზოგადოებებში ანტისოციალური სასჯელი უფრო დაბალია. ანტისოციალური სასჯელის უარყოფითი გავლენა თანამშრომლობასა და ეფექტიანობაზე ასევე იძლევა იმის გონივრულ ახსნას, თუ რატომ ერიდებიან თანამედროვე საზოგადოებები სამაგიეროს გადახდასა და ახდენენ დასჯის მექანიზმის ცენტრალიზებას სახელმწიფოს ხელში.
საზოგადოებრივი დოვლათის თამაშებში თანამშრომლობის აღსრულების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების დიდი უმრავლესობა ეფუძნება თანაჯგუფელის დასჯას ანუ დეცენტრალიზებულ დასჯის მექანიზმს და მის გავლენას ეფექტიანობაზე. კვლევების მიხედვით, დასჯის დეცენტრალიზებულ მექანიზმს მცირე გავლენა აქვს ეფექტიანობაზე, რადგან განმეორებითი თამაშის შემთხვევაში დასჯის დესტრუქციული შედეგები იშვიათია. ვინაიდან, როგორც წესი, შესაძლო დასჯის საფრთხე საკმარისია (Traulsen, Röhl და Milinski 2012). საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ექსპრიმენტებში ნათლად გამოჩნდა, რომ „თანაჯგუფელის დასჯის მექანიზმი“ ყველა კულტურის პირობებში ვერ უზრუნველყოფს თანამშრომლობის მაღალ დონეს და გარდა ამისა, თუ არსებობს საპასუხო დასჯის შესაძლებლობა, თანამშრომლობის მაღალი დონე ვერ ნარჩუნდება (მექვაბიშვილი 2021).

ექსპერიმენტის დიზაინი, ექსპერიმენტის მონაწილეები

ექსპერიმენტი საქართველოში ჩატარდა 2022 წელს ონლაინ პლატფორმის მქონე ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამის LIONESS-ის საშუალებით (Arechar, Gächter and Molleman 2018). ექსპერიმენტის ერთიანი მონაცემები ხელმისაწვდომია Zenodo-ს მონაცემთა ბაზაში (Mekvabishvili, et al. 2022).
სულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 146 ადამიანმა. მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 20.6 წელი, 36.2% იყო კაცი, 63,8% იყო ქალი. მონაწილეები ძირითადად იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები. კერძოდ: 39,9% - ეკონომიკა, 14% - ბიზნეს ადმინისტრირება, 5.5% - სოციალური მეცნიერებები, 5% - იურისპრუდენცია და სამართალი, 4.4% სამედიცინო, 14.9% - სხვა სპეციალობები. ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეთა 16.3% არ იყო სტუდენტი.
ექსპერიმენტის იმ ფაზაში, რომელიც მოიცავდა საზოგადოებრივი დოვლათის თამაშს დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმით, მონაწილეობდა 72 ინდივიდი.

 

 

ექსპერიმენტის მეთოდი და ინფორმაციული პირობები

საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ანალიზისას ჩვენ გამოვიყენეთ მექვაბიშვილი და სხვ. (2022)-მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მონაცემები (Mekvabishvili, et al. 2022). აღნიშნული კვლევა ასევე დეტალურად აღწერს ექსპერიმენტის დიზაინსა და შედეგებს.
საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმით თამაშისას მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ ოთხ წევრისგან შემდგარ ჯგუფებში. ჯგუფის წევრების ვინაობა მონაწილეებისთვის ცნობილი არ იყო. მონაწილეები თამაშობდნენ საზოგადოებრივი დოვლათის თამაშს დეცენტრალიზებული დასჯის მექანიზმით, რომელიც შეიმუშავა ე. ფერიმ და ს. გეხტერმა (Fehr and Gächter 2000). თამაში შედგებოდა 10 რაუნდისგან. მონაწილეებმა იცოდნენ, რომ ისინი შემთხვევითობის პირნციპით დაჯგუფდნენ სხვა მონაწილეებთან ოთხკაციან ჯგუფებში. მათ ასევე შეატყობინეს, რომ თითოეული ჯგუფის შემადგენლობა უცვლელი დარჩებოდა მთლიანი თამაშის განმავლობაში (10 რაუნდი).
თითოეულ რაუნდში მოთამაშეები ერთდროულად იღებდნენ გადაწყვეტილებას თუ რამდენი ქულა გაეღოთ საერთო საქმისთვის (ნებაყოფლობითი კონტრიბუცია). გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათ ეცნობოდათ ჯგუფის სხვა წევრების მიერ გაკეთებული კონტრიბუციის ოდენობის შესახებ. ამის შემდგომ, იწყებოდა მე-2 ნაწილი სადაც ჯგუფის თითოეულ წევრს შეეძლო ათამდე დამსჯელი ქულა დაენიშნა ჯგუფის თითოეული სხვა წევრისთვის. დასჯა ხარჯიანი იყო როგორც დამსჯელი, ასევე დასჯილი წევრისთვის: ყოველი დამსჯელი ქულა ამცირებდა დასჯილი წევრის შემოსავალს სამი ქულით, ხოლო დამსჯელი წევრის შემოსავალს ერთი ქულით. მოთამაშეები ერთდროულად იღებდნენ დასჯის შესახებ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათ ეცნობოდათ თუ რამდენი ქულით დაისაჯენ ისინი, თუმცა დამსჯელების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ. ამის შემდგომ იწყებოდა მომდევნო ახალი რაუნდი.

გამომუშავების მექანიზმი
ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ნებაყოფლობითი კონტრიბუციების ანაზღაურების წრფივი მექანიზმი. საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის ექსპერიმენტის ყოველ რაუნდში თითოეული მონაწილისთვის (i ) გამოიყო გასანაწილებელი 20 ქულა 

(